მახსოვს პეროსკაიას ქუჩას. დილით როგორი გულმოდგინეობით გვიდნენ ხოლმე დიდი ცოცხებით ქურთი აზიზა და მისი თავშალწაკრული, ფაშფაშა ცოლი. ალბათ ბევრი დამეთანხმება თუ ვიტყვი, რომ ასეთი გულმოდგინება და ამ მძიმე საქმის ასეთი სიყვარული არც ერთ თბილისელ ქართველს არ გამოუვლენია. ალბათ ამიტომ ემსახურებიან ესეოდენ ერთგულად ჩვენი ქალაქისთვის ესეოდენ საჭირო ამ საქმეს ჩვენი საყვარელი თბილისელი ქურთები.
ჩემს მეხსიერებაში, ჩვენი თბილისელი რუსი ქალები თეთრ ხალათში ჩაცმული თბილი დეიდების სახეებად აღიბეჭდა, სისხამ დილით ჩვენი ბავშვებისათვის ესეოდენ საჭირო რძისა და არაჟნის გასაყიდად რომ იყვნენ გამოსულები. ყველა რუსი ჩემი უახლოესი ნათესავი კოლია ბიძია მეგონა, მსოფლიოს ისტორია ზეპირად რომ იცოდა. თანადროულად, როგორც უდიდესმა ჯენტლმენმა, მანდილოსანის შეურაცმყოფელს ისეთი დღე დააყენა, რომ ამ ამბავს დღესაც იხენებენ თვითმხილველები. ჩემი ბავშვობა და ჩემი ქალაქი ჩემი პატარა რუსი მეგობრით ვიტიათიც მიყვარს, რადგან სამშობლო ხომ ის ხალხია, შენ რომ გიყვარს და მათაც რომ არანაკლებ უყვარხარ.
რატომღაც ჩემს მეხსიერებაში ყველა აზერბაიჯანელი, ყოველთვის კოსტუმში გამოწყობილ იმ დაბალ და შავგრემან მამაკაცებად შემორჩნენ, ჩვენს ლამაზ ქალაქს და ქვეყანას აზიურ ელფერს რომ სძენდნენ. მერე კი მარნეულის მიდამოებში მოხვედრისას ამაში კიდევ უფრო დავწმუნებულვარ, რადგან მხოლოდ იქ გამხსენებია ბავშვობაში წაკითხული აზიური ზღაპარი, მხოლოდ იქ მიოცნებია ვყოფილიყავი სულთანი, ბევრი ლამაზი ცოლი რომ ჰყავს, მაგრამ ჩვენთვის ადვილად გასაგები მიზეზების გამო, მხოლოდ ერთი გამორჩეული და უეჭველად ქართველი.
მე მაშინდელი თბილისი იმ თბილისელი სომხების გარეშეც ვერ წარმომიდგენია, ოსტატურად რომ “აპაჩინკებდნენ” ყველაფერს ჩვენი კოლორიტული თბილისის თითქმის ყველა უბანში მდგარ ჯიხურებში, მაშინდელი უფროსი თაობის ხშირი თავშეყრის ადგილები რომ იყო.
მე ჩემი ქვეყანა ვერც იმ ჩემი ებრაელი მეგობარი ბიჭების გარეშე წარმომიდგენია, განუყოფელნი რომ არიან იმისა, რასაც სისუფთავე ჰქვია, რასაც უანგარო ბავშვური სიყვარული ქვია.
ანდა განა კი იქნებოდა სრულყოფილი ჩემი ლამაზი ბავშვობა, რომ არა ის ჩემი ოსი მეგობარი, დიდი ხნის წინ ერთი ბებია რომ გვზრდიდა და ცხოვრების რეალობამ მე და ის სხვადასხვა ქვეყნების მაცხოვრებლებად გვაქცია, თუმცა კი ამით მონატრებისა და სიყვარულის გრძნობას ჩრდილიც კი არ მიაყენა.
პესიმისტი არა ვარ,თუმცა ცხოვრებამ უაზრო ოპტიმიზმსაც გადამაჩვია და დედამიწაზე სიარულიც კი მასწავლა,მაგრამ პრაგმატიკოსი არასოდეს გავმხდარვარ და ამიტომაც ისევ საოცრად მჯერა,ჩემი ქვეყნისა თუ ჩემი ქალაქის, სადაც უამრავი ერისა თუ რელიგიის წარმომადგენლები, ერთმანეთის ძმები და დები გამხდარა. აქ სადაც ყველაზე ჭკვიანი და გამოჩენილი სომხები იბადებოდნენ. აქ ხომ ოცდაექვსი საუკუნის განმავლობაში სხვა ყველა ებრაელისაგან მკვეთრად გასხვავებული ქართველი ებრაელები ცხოვრობდნენ, რომლებსაც ეს “წოდება” ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულებსაც კი არ შეუცვლიათ.
ამიტომაც მაგონებს ჩემი თბილისი ცისარტყელას, თავისი ზღაპრულად ლამაზი ფერების სიმრავლით.
საამაყოა თბილისელობა და ამავდროულად ძნელიც.
სანკტ-პეტერბურგი
სევერიან ჯუღელი
No comments:
Post a Comment